Litclub.ge

ზამთრის სურათები
მოქათქათე სარეცელში
დეკემბერი შფოთიანი,
ჩახერგილი ზვავი მთებში,
გზად ურემი მოჭრიალე.
ღრუბლის ცვენა ნამქერებად,
კანტი-კუნტად ყეფა ძაღლის
თან აჰყვება სარკმელებთან
ბეღურების შემოძახილს.
თუჯიაში ღომის თრთოლვა,
გამოცლილი ფქვილის ვარცლი,
კრამიტების ჩამოთოვლა,
ცოცხგაჩრილი თოვლის კაცი.
ლოლოების ლიცლიცები,
თეთრი აბრეშუმის ბარდნა,
მზის მიბნედვა მიცრიცებით
და ზღაპრებში გადავარდნა.
გრძელი ღამის სვლა უძილოდ,
ბუხრის პირად მარტო ჯდომა
და დროდადრო შავ კუნძიდან
ნაკვერჩხალის გადმოსხლტომა.
ხის საკეცით ნაცრის ქექვა,
აბოლილი ნავთის ჭრაქი,
ჭინჭილაში ღვინის ფეთქვა,
სხვენში თაგვის ფორიაქი.
სარკმელიდან ეზოს ჭვრეტა,
ხეებს თოში _ დაზამთრულებს,
მოწყენა და მონატრება:
`ნეტა, მალე გაზაფხულდეს!~