Litclub.ge

თოვლის საგალობელი
შენ ხარ ლამაზი სიკისკისეთი,
შენა ხარ თეთრი კრავი გვრიტინა,
შენ ხარ ფაფუკი ფიფქი ისეთი,
წვიმამ სიზმრად რომ წარმოიდგინა.
შენა ხარ ბავშვი გაშლილ ფრთიანი,
ბაგე-ნორჩი და თვალებ-ნაბია,
თითქოს სინაზის ცაში შრიალით
ნატვრებს მიგზავნის მთვარე და ია.
შენა ხარ ღიმის-ღიმში ლივლივი,
სულში უამრავ სითბოს დამნთები,
ოცნებით სავსე ძილში ღიმივით
თვალზე და ტუჩზე მიტომ მადნები.
შე ქალაქელავ, ფერით სოფლელავ,
ცინცხალმა მუზამ წვეთში ჩაგმალა,
მიყვარს სარკმელთან შენი მოფრენა,
შენი კოცნა და ხელში აყვანა.
შენ ხარ ლამაზი სიკისკასეთი,
შენა ხარ თეთრი კრავი გვრიტინა,
შენ ხარ ფაფუკი ფიფქი ისეთი,
წვიმამ სიზმრად რომ წარმოიდგინა.