იმ ცისფერი მდინარის
ახლაც მახსოვს დინება...
უკვე შუაღამეა,
შენ კი არ გეძინება...
ახლაც მახსოვს ფერადი
ანჩისხატის კარედი,
გახსოვს როგორ ვღელავდი,
როცა იგვიანებდი?
ახალგაზრდა როდი ხარ,
დეკემბერი მოვიდა...
რა დაღლილი მოდიხარ
ძველი სიმარტოვიდან.
თოვლში იდგნენ ოდები
და ათოვდა ხვიარებს...
აღარც მე გელოდები,
აღარც შენ იგვიანებ.