Litclub.ge

ფრანსუა ვიიონი
ვიმღეროთ, სანამ გვემღერება,
დავლიოთ, სანამ შეგვეძლება,
სიცოცხლეს სიკვდილი ემტერება,
ღრეობა ქვითინით შეგვეცვლება.
გავთელოთ ამაყი ნარგიზები,
დრო მოვა, მაინც დაჭკნებიან,
შიში ნუ იქნება გაგიჟების,
გიჟისთვის ვარამი ნაკლებია.
ვიჩქაროთ და სანამ მოვასწრებთ,
გავწიროთ ოქრო და ალმასები,
დავეცეთ სახლებს და მონასტრებს,
ალერსში დავაღრჩოთ ლამაზები.
ვამტვრიოთ გალიის კლიტენი,
ვუშველოთ ცოცხლად დამარხულებს,
დავუსხათ ღვინო იმდენი,
იცინონ, რაც დღემდე ამარხულეს.
ვეხვიოთ ძმაკაცებს შფოთიანთ,
არ ჰქონდეს ადგილი აპათიებს,
ღმერთი ჰარიფი როდია,
ღმერთი სულ ყველაფერს გვაპატიებს.
ისმინეთ დღეს ჩემი ნაამბობი,
ხვალიდან იქნებ ვერ ვთქვა მეტიც,
იმ ქვეყნად არაფერს არ ამბობენ,
უსიტყვოდაც ესმით ერთმანეთის.
ყველა გამცემი და მოშიშარი
ვარბიოთ, სანამ შეგვეძლება,
სიცოცხლის ფასი გროში არი,
სიკვდილი მაინც მეძნელება.