Litclub.ge

სარდაფი
სერგეი ესენინს
ჩვეულებრივად ეს დღეც თალხია
და ბედი, როგორც მევალე დაგდევს.
ჩახვალ სარდაფში _ ჭრელი ხალხია,
სარდაფში, სადაც დაგკლავენ დახლზე.
ეფშვნება ჭიქა გაზინთულ კედელს,
სისხლიან მკლავზე გიწევს ძმაკაცი
და დედათქვენის დიდების ბედზე,
სიკვდილი ცოტა ქეიფს დაგაცლით.
ხვალ აღდგომაა! აღდგება ყველა,
ვინც გაბასრულა ცივი ბებუთით.
სიმაღლე მოგცა ერთი ამხელა.
მიხვდებით ჯილდო ვისაც ეკუთვნის.
არაყი ისევ ათრთოლებს ძარღვებს
და იატაკიც ბარბაცებს მძიმედ.
შენ ეზოების აგინებ ძაღლებს
და ფანტავ ლექსებს _ დაწყვეტილ მძივებს.
დაძაგრულ ნერვით ხარხარებ უხმოდ,
მურდალ სიფათის ქებას არ იშლი.
ვიღაცა მოვა სრულიად უცხო
და ტკივილიან გულს გადაგიშლის.
სარდაფი თეთრი ცხელებით იწვის,
სარდაფი ღმუის ცეცხლში ჩამთვრალი,
სამყარო _ სადაც ცხოვრება ბილწი, _
როგორც არასდროს არის მართალი!