ხეები ხორუმს ცეკვავდნენ ქარში,
ჩახვეულები ხმელი ხელებით...
მიჭიხვინებდა ქურანა რაში,
თავდავიწყებით და გახელებით...
მზე ჩადიოდა და მეწამული
სარტყლით შეეკრათ გორებს შუბლები...
როგორც ქალწულის სახე ალმურით,
აწითლებული ჩანდნენ ღრუბლები...
მიჭიხვინებდა უმხედრო რაში,
(გორების იქით სიკვდილი თვლემდა...)
ხეები ხორუმს ცეკვავდნენ ქარში,
ქარს აყოლებდნენ ფოთლების სევდას...