წლების ფანტელი რაც უფრო მათოვს,
რაც თავდაღმართის დასასრულს ველი,
თვალს ვერ ვუსწორებ შანდორს და ტატოს,
მზერას ვარიდებ დარცხვენით შელლის.
ხანდაზმულობას სულ ვერ ვიფერებ,
თუმცა დიდი დღეც ბედის ძღვენია
და რომ გრძელდება ჩემი სიბერე,
ლერმონტოვის და კიტსის მრცხვენია.
თვალს ვერ ვუსწორებ შანდორს და ტატოს,
ვისი სიტყვა და ლექსიც მემართა...
ვალის გადახდა მათთვის მეც მმართებს,
რაკი მათი დღე მეც მომემატა.
უნდა ვიხადო დღესაც და ხვალაც,
რაკი სიცოცხლეს ვეღარ ვეხსნები,
რაკი დაწერა მეც მადევს ვალად
დაუწერელი მათი ლექსების.
და ვიდრე გამსრესს სიმძიმე ვალის,
მიჯობს, ჩემთვისაც მალე დაღამდეს,
თორემ როდემდის ვარიდო თვალი
მათ ვისი დღითაც ვცხოვრობ აქამდე.