Litclub.ge

განაჩენი
გამოიტანეთ განაჩენი!
მე ვდგავარ თქვენს წინ,
ვით ჟანა დარკი, ორლეანის ქალწული წმინდა.
ზეციდან შვებად მარიამის სიტყვები მესმის,
ბრბო ვერ აგიტანს,
შენ მეუფე ქალღმერთად გქმნიდა.
იცით, რამდენი ქალის ტვირთი
ვატარე მარტომ?!
ხან ცეზარს ვხვევდი ვნების ალში,
ხანაც ურიელს...
სწორედ ამიტომ,
სიცოცხლისას არც ერთ წამს არ ვთმობ,
თქვენ... თქვენ რა იცით,
რამდენ მონარქს ტვინი ვურიე.
თქვენ... თქვენ რა იცით,
რა ძნელია მეფობა ქალის!
მარკიზას რატომ აქვს სურვილი
კურტიზანს ჰგავდეს
და თუკი მასაც შეეპარა ფიქრებში ბზარი,
სიყვარულისთვის ხარკს გაიღებს,
ო... თანაც რამდენს!..
გამოიტანეთ განაჩენი!
მე ვდგავარ თქვენს წინ,
ინკვიზიცია არ ჰკარგავდა არასდროს ძალას,
მზის ნატეხს მაინც თან წავიღებ _
სიყვარულს ჩემს წილს,
რადგან ის ბიჭი ქვას ვერ მესვრის,
ცრემლებს რომ მალავს.