თეთრ ფურცელს ისევ შეუჩნდა ღამე
და შავი მელნით უპირებს შთანთქმას,
უპირო წამებს ულმობლად სვამენ,
თან აპირებენ შეთქმულთა გათქმას.
დროვამპირები... მწოვენ სიცილით,
ღამე კი რჩება უგრძნობ ძმობილად;
და მითანაგრძნობს ფიქრით, იცი ვინ?
ლექსი, რომელიც ჯერ არ შობილა.
სულს ითქვამს მთვარე დილის ნიავით,
ვარსკვლავთა ფერხულს გასვლია ყავლი,
ისევ საოცრად დავაგვიანე,
დღის შვილი ღამის გავხდი ნადავლი.
სადღაც შორს, ბნელში, ეულად ბოლავს
ჩანაცრებული ცეცხლი ნუგეშის,
შემოაგელვებს მსახვრელი დრო რაშს,
ფიქრს გააგელვებს სიჭაბუკეში.
ოცნება ძლივს დგას მორღვეულ ფრთებზე,
ზეცაც მიწაზე ჩამომხობილა,
ხვალ სიკვდილს უნდა დავუდგე ფეხზე
ლექსით, რომელიც ჯერ არ შობილა.