რესტორანში მაგიდაზე თაიგული იდო,
უხდებოდა განწყობას და
უფრო სუფრის კიდეს.
შენ ყვავილებს
ხელი ისე გადაუსვი თითქოს,
ორივ ხელი საფერებლად
თმაზე მე მომკიდე.
ანჩისხატის ქონგურებზე
გოგმანებდა მტრედი,
მე რესტორნის ფანჯრებიდან
გუმბათს გავყურებდი.
ყველაფერი ბედი არის
და ჩემს თავზე ზეცას
მტრედისფერი სიხარულის
სამოსელი ეცვა.
თითქოს ფეხის წვერზე ვიდექ,
თმებით ვგრძნობდი ასტრალს!
ვსაუბრობდი უცხო,
მაგრამ უსაყვარლეს კაცთან.
იყო მტრედი, ანჩისხატი,
იყო ქვეყნის კიდე,
იმ საღამოს ცის ფარდაგზე
მთვარედ მე ვეკიდე...