Litclub.ge

თავს შევჩვევივარ...
სიმარტოვეში მცურავ ტიპს ველი,
ისე უბრალოდ, ისე მარტივად,
მეგონა თავს არ ვაპატიებდი,
რაც მაპატია...
გულგრილობების დამაქვს მარაო,
ისე ნატიფად, ისე მალულად,
თავთან არც რა მაქვს თითქოს სადაო,
წმინდა ქალური...
უხერხულობის ხერხი გავღუნე,
უეჭველად და ხელგაუჭრელად,
ამ წუთას ერთი რამე მაღონებს,
გული უჭმელი...
უდარდელობის ვაღებ დარაბებს,
ისე ღიად და ისე თამამად,
თითქოს ქარს ვწერდე ღია ბარათებს,
მცივა ამაღამ...
უყველაფრობის ფერი წავისვი,
ვჩანვარ გარედან ისე ფერადი,
აზრი დაკარგა აზრმა თავისით,
ხვდება ვერავინ...
ჩემს ვერტიკალურ ნატვრას ვამიწებ,
წლებმა რომ იცის, მხოლოდ იმ ფასად,
ცა ვიცი თმებით აღარ დამიჭერს,
ცა `გაიმაზა”...
სიმარტოვეში მცურავ ტიპს ველი,
ისე ჩემნაირს, ისე ჩემიანს,
მე არც ბოლო ვარ და არც პირველი,
თავს შევჩვევივარ...