Litclub.ge

ქვის კარიბჭე
მზე დაიღვენთა,
ქვის კარიბჭეს ჩრდილი მიადგა.
მე გიწვდი ამ გულს,
როგორც ლოცვით ნაქარგ იადგარს.
თითქოს ამ კართან
მე ოდესღაც ვიდექი უკვე
და ხმა უცნობი
მაფრთხილებდა მიწის ბინადარს.
მახსოვს მე ის ხმა
და სიტყვები დამვიწყებია.
მახსოვს თვალები,
მაგრამ სახე დამვიწყებია,
მახსოვს ნუგეში,
მაგრამ სევდა დამვიწყებია,
ავი სენივით დავიწყება გადამდებია.
გამიღე კარი,
გევედრები,
გამიღე კარი...
ვყვირი და ფრჩხილებს
სიმწრისაგან ძირამდე ვიკვნეტ.
იქნებ ძახილი ჩემი არის
სუსტი და უხმო
ან კარის იქეთ
უკვე არვინ არ არის, იქნებ?!
ან იქნებ სულაც, ვეღარა მცნობ,
ვიცვალე სახე?
და აღარ ვგევარ შენგან სრულქმნილს
ახლა სრულებით?
და სხეულს ჩემსას,
მირიადი წლებით განბანილს
აღარ ატყვია
შენი წმინდა ნათითურები?
სხივს გამოვყევი,
სამზეოდან სხივი მეძახდა!
მინდოდა ერთხელ მაინც
შენი სახე მენახა.
დამვიწყებოდა მსურდა
ქვეყნის დავიდარაბა.
აქ კი დახშული დამხვდა
ყველა კარი, დარაბა!
ო, გევედრები, ოდნავ მაინც
შემიხსენ კარი.