Litclub.ge

უხსენებლის ბარათი
ტაბუ დამადეს უხსენებელთა,
გამირბიან და მერიდებიან.
მე მოვდიოდი წუხელი თქვენთან
და გადმოვცურე მერიდიანი.
როგორ გნატრობდით, როგორ მიყვარდით,
ვგრძნობდი ხერხემლით გადამსხვრეულით.
დამინახეთ და არ გაგიხარდით,
ქვებით ჩაქოლეთ ჩემი სხეული.
განუკითხავად გამწირეთ დაისს,
ჩუმი, უსიტყვო გარდაცვალებით.
მე კი საოცრად მიყვარდით მაინც
და მევსებოდა ცრემლით თვალები.
თქვენ მე მიწოდეთ ცივი, ვერაგი
და სიძულვილი ვიგრძენ მარადი.
მე დაგიტოვეთ ჩემი პერანგი
ვით სიყვარულის ბოლო ბარათი.