აბა, რით ვერ დამიმახსოვრე?!
მარიამი მქვია სახელად და აქვე ვცხოვრობ…
ჩემს უმძრახ ცრემლებს შენზე ფიქრის ნაცარში გავრევ.
გამაწმინდავე, ტკივილებით მცვარე, ცისკარო!
სულ მეშინია, სიყვარულს რომ წავაწყდე გზაზე,
ვეცოტავო და ახლოსაც კი არ გამიკაროს.
რამდენი გვრიტი ეყოფოდა შენს გამოსყიდვას?
შევდას ვმღეროდი, სიყვარულს რომ ვყავდი ნახელთი.
მთელი სამყაროს სახსოვარი მომქონდა გულით _
როცა ვკვდებოდი და სიცოცხლეს შენში ვახელდი.
მე მარიამი მქვია სახელად,
მარიამი, დამიმახსოვრე!
დროშაზე შებმულ ზანზალაკად ხმიანობს სული,
უსაფუვროა, ხმიადივით, ჩემი ლექსები.
საშენო გული გაბორჯილი კვერთხივით დამაქვს,
ხვდება, აღდგომის დადგომამდე, შეიეკლები.
დამიმახსოვრებ?
მარიამი, მარიამი მქვია სახელად და აქვე ვცხოვრობ.
და რამდენჯერაც საუფლო ხსოვნა შენსკენ მომიხმობს,
ქვაცა და წყაროც ერთნაირად მდინდება ცრემლად.
შენს გამო არის ყველაფერი ასე უბრალო,
შენს გამო ვხდები ბედნიერიც ყოველთვის ძნელად.
მოვყვები ბილიკს ტკივილების კვრივისკენ კრავით,
ქარად მომყვება ანგელოზი, ნისლისფრთიანი.
მე რომ ცეცხლს ვანთებ, სიყვარულო, სხვის გასათბობად,
შენ რატომ იწვი იმ კოცონის ალზე ბრიალით?
ამ უდაბნოში უთვალავი ბილილა ჰყვავის,
ვკრეფ და როდესაც ყვავილებით მოვდივარ შენთან,
რაღატომ მხვდები ერთი კოცნით წინასწარ მკვდარი
და ერთი ღერი ყვავილისთვის წასული ღმერთთან.
აბა, რით ვეღარ დამიმახსოვრე,
მარიამი მქვია სახელად!