Litclub.ge

შვილს, რომელიც არ მყოლია
შენ იქნებოდი, ალბათ, გიორგი,
მხრებგანიერი, ბიჭი, ქორბუდა,
შენს უიღბლობას ცრემლად ვდიოდი,
ჩემზეც მრავალი ჟამი მობრუნდა.
სულ დაგეძებდნენ დედის გენები,
ათასწლეულებს გამოქცეული,
დღეს ვით ნასეტყვარ ვენახს მტევნები,ზეცას ჰკიდია ჩემი სხეული.
ეშმა ჯიუტად მიჭერს მარწუხებს,
პირი შეიკრეს თითქოს მისნებმაც,
მე შენი წილი სისხლი მაწუხებს,
მე შენი წილი გული მისკდება.
გაორებული სულით მოგტირი,
თუმცა არა ვარ, შვილო, ჯაბანი,
ბედიც კაცია, ცრუ და ორპირი,
მასაც სიკეთის მადლით დავჯაბნით.
არ შეუშინდე ამოწვდილ მახვილს,
და თუ მოსინჯავ ემაგ დევის შნოს,
გწამდეს ვით სახლში მიმავალ ნახირს,
სისხლსაც თავის გზა უნდა ენიშნოს.
მაშინ კი მოხვალ ბრძოლამოხდილი,
თვით ანგელოზის ნაფეხურებით,
და აინთება ჩემი თვალები,
როგორც ჩამქრალი საცეცხლურები...
შენ იქნებოდი მართლაც გიორგი,
დედის სუნთქვა და პაპის სეხნია,
მაგრამ შემინდე, თუ ეგ სიცოცხლე
მხოლოდ სიზმრიდან დამისესხნია.