Litclub.ge

ყაზბეგის ქუჩა №14
და იყო სახლი, იყო მაგიდა,
იყო თოვლივით ქათქათა სუფრა.
და აღარასდროს აღარ წავიდა
დღესასწაული მოსული სტუმრად.
არ დარჩენილა არავინ უბრად
და გამოებნენ მაგიდას თოკით.
და იყო დედა _ ქათქათა სუფრა
და იყო მამა _ სუფრაზე დოქი.
იყო სახელიც... და უსახელოც,
როგორც სჩვევია ხალხმრავალ ბაქანს,
და იყო დედა _ თეთრი საყელო
და იყო მამა _ პერანგზე ლაქა.
დგებოდა დილა
ღამის ნარჩენით,
ისმოდა ლურჯი მონასტრის ზარი,
დედა _ გახსნილი ფართოდ ფანჯრები,
მამა _ ოთახში ორპირი ქარი.
და მერე, როცა ღრუბლიან სამანს
მიუახლოვდა სნეული სევდა,
კედელზე გაჩნდა ღიმილი _ მამა,
ღიმილთან ცვილის სანთელი _ დედა.
და იყო სახლი.