Litclub.ge

საშობაო გზავნილი
მიდი _ მოდიხარ, მიმოგაქვს გული
ნაზამთრალი და ნაღალატევი,
ვერ ამოგითქვამს ლექსი-სალბუნი,
ყოვლისმთქმელი და ყოვლისდამტევი.
ის გტკენდა, ვისაც სულს უბერავდი,
არახალია შენი ნაღველი
და გაღონებდა ჭრიჭინა ჭორი,
გასამხელი თუ ვერგასამხელი.
სულ მისხალ-მისხალ აწონილია
შენი დღეების იწილ-ბიწილო,
ორგული ცა და ორგული მიწა
როგორმე უნდა ჩამოიცილო _
`არა სიცოცხლე, არა სიკვდილი,
არამედ რაღაც სხვა~ მაგრამ როდის?
ფარისევლობას იფერებს მტერი
და ძმადნაფიცის იერით მოდის,
მოდის ტიალი და მის თვალებში
ღალატისფერი კრთის მიმოზები,
ფრესკიდან ჩუმად იპარებიან
ფრთებდალეწილი ანგელოზები;
ისევ და ისევ ბუტბუტებ ლოცვას,
დანგრეულ სულს კი აგებ ხელახლა,
ეს _ მერამდენედ ჩამოიქეცი!
ეს _ მერამდენე ელდა გეახლა!
ვაი, სანთელო აუნთებელო...
ვაი, იქ გაწყდა, საცა წვრილია,
სულ საღამოა და მარტოობა,
სულ ნიღაბია და ტკივილია.
დგები და ეძებ, ისევ და ისევ
ეძებ საკუთარ სულის ნამსხვრევებს,
აღარც დარია, აღარც _ ავდარი
და ქარი ციდან ღრუბელს აძევებს.
მიდი, აღმართე სულის კედლები,
მიდი, იცლება ქვიშის საათი,
დრო ხომ ისეთი ულმობელია,
ისეთი ავი და მუხანათი.
რომ არ დაგინდობს _ ჩამოიცლება
საათი წუთით, წუთი კი წამით,
ის კი 25 დეკემბერს იშვა
სადღაც ბეთლემში, ბაგაში, ღამით...
იმას ახსოვხარ და მუდამ გხედავს _
მიდი, თავიდან! ისევ თავიდან!
ეგ არაფერი, რომ გაგიმეტეს,
ეგ არაფერი, მზე რომ ჩავიდა,
ეგ არაფერი, რომ უანგაროდ
არ ყვარებიხარ არცერთ სულიერს,
რომ მადლი მატლად გადაგიქციეს
და თაფლში შხამი გამოურიეს,
რომ საშობაოდ ანთებულ სანთელს
არ შეარჩინეს სითბო და ფერი,
რომ შენს სახელზე გვიან კი არა,
სულ არ გამოცხვა ის ობლის კვერი _
მაინც ადექი, წამოიმართე,
ციხე-სიმაგრედ აზიდე სული
და ხელისგულზე დაფრენილ ფანტელს
ახარე შობის დღესასწაული!