Litclub.ge

შეშლილის ტირადა
როცა დღეები წამართვეს ვალში და კვამლისფერი
წუხდა ჭაობი, როცა დავიწყე
სამოთხის ვაშლით და დავასრულე
არარაობით, როცა ხანდახან სცივათ ყვავილებს
და ჩამოგვყვირი, მზეო, შავფერო
და გვეზარება მკვდარ სინამდვილეს
ჩვენი ოხერი სული ჩავბეროთ! როცა
ვაცების გამოჩნდა ჯოგი და დააფეთა
მუქი სიშორე, მაშინ ვისწავლე სხვათა
არცოდნა და ჩემი მმ-ე-ე-ე-ც მაშინ
ვიპოვე; ნება მომეცით, ცარიელ თავში
რომ წაგითაქოთ ისე, უბრალოდ... თქვენ
ლაქია ხართ ცისფერი ფრაკით, მეც ლაქია
ვარ, ოღონდ უფრაკოდ!
წაშლილია ყოფნის
წერტილი და მძიმე,
თუკი ძალა შეგწევს,
მშვიდად დაიძინე!
აღარ გათრობს ეშხი
უუნათლეს სხივთა.
ჩრდილს როდემდე ებრძვი
საკუთარს და სხვისას!
ჰოდა, აქვე, ახლო
ღრუბელთაა ჩერო...
დროა, უცნობ ნაცნობს _
სიკვდილს მოეფერო.
როგორ ვიმღერე? _ არ მინდა ტაში!
რაღაც დავკარგე და ვდარდობ მასზე...
დიდი ხანია, ჩემს არსებაში რომ დავატარებ
ჩემსავე სასჯელს; ეჰ, რა აზრიაქვს, წამები ვთვალო, გარდამეცვალნენ
სუნთქვის იები! მე მგონი, უკვე დროა,
მოძღვარო, აღსარების და მონანიების...
უწმინდესი სიზმარი
უკანასკნელ მაისის.
ნაზი, როგორც რიჟრაჟი,
მშვიდი, როგორც დაისი.
მზისკენ გაფრინდებიან
ნისლის ფარშევანგები,
მე რომ მომაგონდები...
შენ რო დაგენანები...
აჰ, არა, არა, არ ვარგა ასე! მე, გენიოსი
ვაცი, თეთრწვერა, ვმღერ ძველ სიმღერას,
ისიც ძველ ხმაზე! ალბათ სჯობდა,
რო ასე მემღერა:
მივალ და ვეღარ მიპოვი,
ზამთრისპირს დაგენანები!
მოგაყივლებენ სიშორის
ყვითელი ფარშევანგები.
გაიპარება ყველა მზე
და მიღმა დაევანება,
ეჰ, სიყვარული მე და შენ
ნეტა რად გვექცა წამებად!
როგორ ვიმღერე? _ არ მინდა ტაში!
რაღაც დავკარგე და ვდარდობ მასზე...
დიდი ხანია, ჩემს არსებაში რო დავატარებ
ჩემსავე სასჯელს! ააწრიალებს
წუხილი სიზმრებს, ჟამი თუ ღელავს
მთვარის ავსების... შენც დაბერდები, არ
შეგეშინდეს და ყრუ სინანულს დაემსგავსები.
იტყვი, რას ვიზამ, ზმანება მორჩა
და ქარიშხლები ჩადგა ცდუნების!
რა იქნებოდა, არ დამკარგვოდა ნისლში
ნაპოვნი სალამურები...
შემეყარა მთვარის ქალი
და ქარები გარეკა;
დაისისკენ მიიჩქარის
მწუხრისფერი კარეტა.
მომდევს ჟამი უვალებო
და ეული ცის კიდე.
გარდასულის მქრქალი ექო
და უცნობი სიმშვიდე.
უწმინდესო შუქი ფერთა
სიზმარეულ თენების,
მაინც რატო შემეფეთა
რემა ცისფერ ცხენების?
შემოდგომა ჩუმად მიდის,
ჰე, მიუშვით სადავე!
დიდო ზარო, მოლოდინის,
როგორ ჩამომაღამე...
როგორ ვიმღერე? _ არ მინდა ტაში!
რაღაც დავკარგე და ვდარდობ მასზე...
დიდი ხანია, ჩემს არსებაში რო დავატარებ
ჩემსავე სასჯელს! ნება მიბოძეთ,
ცარიელ თავში რომ წაგითაქოთ ისე,
უბრალოდ... თქვენ ლაქია ხართ ცისფერი
ფრაკით, მეც ლაქია ვარ, ოღონდ
უფრაკოდ! ეჰ, დამავიწყდა, ვაცთა მეფეც
ვარ და არ მაშფოთებს ჟამთა სიყრუე.
ვდევნი სიმართლეს _ მახინჯ სეფექალს
და ტახტს ვთავაზობ ლამაზ
სიცრუეს!..
შენ მახსენდები მ-მე
და გადატეხილ წნორს.
და ლოცულობდა მზე
შორს, უსასრულოდ შორს.
არსაითაა ხსნა
და მწუხრის ქარი ქრის.
და შეაწუხებს ცას
ფითრი ფოთოლთა თვის.
ათბობს სიმღერა სხვა
ჩემს გაციებულ `მეს~.
და უერთდება ხმა
ცად მიმოფანტულ ხმებს.
ჰე, სიყვარულის ცხელი ზედაშე მათრობდა
და მეც ვკვდებოდი უცბად. არარაისგან
ქმნიდა ყველაფერს მარადიული
დუღილის სუნთქვა. ახლა სამყარო დაქვრივდა
ისევ, ახლა რუხი და შავია
მარტო და მეც ფეხების ფრატუნით მივდევ
მინინგიტიან წარსულს და აწმყოს.
არარას ვნანობ, რაც არი, არი... იარებს
მაინც ვერრა უშველეს!.. და ვაცთა
მეფის ელამი თვალი მისჩერებია ამაყ
წუმპეებს...
ირხევა ექოთა ქაოსში
დამარხულ ვარდების ყვირილი.
და თვალის კუთხესთან ნაოჭი
მიგყვება უცაბედ ჩრდილივით.
ეჰ, თუნდაც დასაწყისს გისჯიდე,
დასასრულს სად დაემალები?!
და მოდის სნეული სიმშვიდე _
საღამო, ტენიან თვალებით.
ჰაერში იმღერებს წყლის მტვერი,
შეკრთები აკლდამამისჯილი
და მოგაგონდება ქვისფერი
შენივე სხეულის სიკვდილი.
გაშინებს ღამეთა მორევი
და შველას არსაით არ ელი!
ცივია სურვილთა შორეთი
და ჩლუნგი სიმთვრალე ჰაერის...
ვეღარ გავიგე, რატო მოვედით: ის _
ორისა და ორის სხვაობა! მე _ არამზადა
უსათნოესი! თქვენ _ დიდებული
არარაობა! რაო? რა ბრძანეთ? მე ვილანძღები?..
ხომ არ გაგიჟდით, ჩემო
ბატონო?.. რა იქნა ჩემი თოვლის შანდლები?
ჩამომიდნება, აქ რო დავტოვო!..
დამტრიალებენ ძველი სიზმრები,
დავიწყებული ირწევა ხიდი, სიცოცხლეს
ის-ის იყო ვიწყებდი და ამიტომაც
მიყვარდა იგი. მერე დამღალეს მუნჯმა
როლებმა და მაწუხებდა წრეთა სიმრავლე.
არარსებულის გამოგონება და არსებულის
ზიზღი ვისწავლე! აწ წარსულისკენ
არ ვიყურები და თვალს ვარიდებ
ნაცნობ სიფათებს... ნუთუ ვერ ხვდებით,
თქვენი ყურები პატივცემულ წვერს
რო აწიწმატებს?! დამტრიალებენ ძველი
სიზმრები, დავიწყებული ირწევა ხიდი.
სიცოცხლეს ის-ის იყო ვიწყებდი და
ამიტომაც მიყვარდა იგი.
იქ მარტოოდენ არი
ხმა და ნიღბები ჭრელი.
შლიაპა კვამლიანი
და ალბომების მტვერი.
და დაეშვება ფარდა...
და ვიღაც მერე იტყვის,
რომ მე მიყვარდი, რადგან
ტანჯული იყავ სხვისთვის.
არარა ჩანდა, გარდა
მოგონებების შრეთა.
და უშენობას ჰგავდა
ფერისცვალობის რეკა.
მალე ზამთარი მოვა,
აგატირებენ ვალნი...
ო, შეიწირე ჟრჟოლა
უკანასკნელი სალმის!
საიდუმლონი გაგანდეთ ქარში, სველ სახურავის
კიდეზე მდგარმა... ჰე, მოცოცავენ
თეთრი ხალათნი და არარა ჩანს
ჩაჩების გარდა. ჩვენ ვართ ხეები და
წყლის ვარდები და გვიბრძანებენ უეცრად
ხმები: გახმითო, დროა გარდაცვალების!
და ჩვენც რას ვიზამთ, მორჩილად
ვხმებით. მააშ! ვხმებით, ვხმებით,
ვხმებით, ჰე, ვხმებით! თეთრო ხალათნო,
ვერ გამაცოფებთ!.. მე პაროლს მივცემ...
გამიშვით ხელი!.. და დაგახლიან
მთვარიდან თოფებს! დედაო მიწავ,
თუმცა გიცნობდი _ მაინც მიყვარდა
ყოფნის შავეთი. ო, მაპატიე, რო
არ ვიცოდი, რატო მოველ და რატო
წავედი! ვერ დამეწევით, თეთრო ხალა-
თნო, ვაცი ვიყავ და ვაცი ვარ აქაც. მე
ჩემს ვაცობას არა ვღალატობ, თუმცა...
თუმც ყველამ მე მიღალატა! სკუპ...
ნუ აბღავლდით, სხვა-სხვაა! მე-მე! და
ვერ ვიბღავლებ, ბატონო, სხვაებრ! სკუპ...
მე მივფრინავ... ჩაჩებიც ფრენენ...
ჰაერი, ღმერთო... ჰაერი... ჰაე...