Litclub.ge

ჯირითი
მხედარი ნაპრალთან ისრუტავს ოხშივარს,
სულ ცოტა, სულ მცირე დააკლდა მის ჰუნეს,
მე ახლა დაღლილი ულაყის როლში ვარ
და ვძოვ იმ იალაღს, რომელიც მარგუნეს.
მხედარი შეკრთომას ყიჟინით ალაგმავს,
ჩემს თვალში რაინდი გადიქცა გონჯ ჩარჩად,
აღარ მსურს, არ ვეძებ სხვა მხარეს, სხვა ალაგს,
და ვძოვ იმ იალაღს, რომელიც გადარჩა.
აყალო მიწები, გათხვრილი წვიმებით,
ვეშვები ოცნებით, ცოხნით და ცახცახით,
ხორკლიან პალოზე უსაბლოდ მივები
და ჩემში არ დარჩა მერანის ნასახი.
მხედარი ნაპრალთან ისრუტავს ოხშივარს,
სულ ცოტა, სულ მცირე დააკლდა მის ჰუნეს,
მე ახლა დაღლილი ულაყის როლში ვარ
და ვძოვ იმ იალაღს, რომელიც მარგუნეს.