თავცეცხლა და ოქროულა, სანთელა და ღრუბელა,
დარახტული თქვენი იყოს, ცხენი მინდა უბელო!
ხარისთვალა, მელისკუდა, მაჭკვატური, კრახუნა,
ქვევრი ვარ და, კაცი ვარ და, თავზეც ქუდი მახურავს!
მტევანდიდი, ყორნისთვალა, ძელშავი და ჩხავერი,
ძაღლის მონურ ყეფა-წკმუილს ტურის მიჯობს ჩხავილი!
ჩიტისთვალა, კვაწახური, დევისთვალა, მჟაველა,
ჩემი რწმენა რუსთველია, მცნება _ ვაჟა-ფშაველა!
ჩინებული, ჩვენებური, ჩინური და საჩინო,
შენ მშველოდი, ეხლა დროა, თავად გადაგარჩინო!
გულმარცვალა, Qჭრელმტევანა, მწვანურა და ქიწნურა,
ღმერთმა კაცით, კაცმა ხელით, ქედა ხარმა რქით წურა!
სიზმრად ვნახე ოჯალეში, ბურძგალა და ხვანჭკარა,
საქართველო გაიშალა, მისი მტერი დამჭკნარა!
ბუდეშური, ციცკა, ფითხა, ადრეულა, ფაჩხატა,
ამ ბოლო დროს ხმლებსა ვხატავ, ჩემი შვილი ფარს ხატავს!
მწკლარტა, ბროლა, სათვალიო, მტრედისფეხა, ტვიშური,
გაუმარჯოს ნამდვილ პოეტს, რა შური და რის შური!
უცნაური, საოცარი, ცართველი და ცამალი,
ზეციერებს ამ მიწაზე ეგულებათ წამალი!
რქაწითელი, საფერავი, გიჟანა და დირბულა,
გაუმარჯოს საქართველოს!
ზეცასთან რომ მიბმულა!!!