Litclub.ge

გაქცევა
ცას შვენის მთვარე _ პაწაწინა ცრემლის აკიდო,
მზერას იდუმალ გარინდების სხივი მოება,
უნდა წავიდე...
მეც ცის კიდეს ჩამოვეკიდო,
ვიდრე სამყარო მოინატრებს უმანკოებას...
საით მივდივარ...
რად ბნელდება...
გზაა რა ვიწრო...
მიწა დაახრჩო, მზეც დაახრჩო _ სისხლის ხუნდებმა,
უნდა გავიძლო, იმ წუთამდე უნდა გავიძლო,
ვიდრე სამყაროს სიყვარული არ მოსწყურდება.
ჩამოიწვერა
სინანული იწილ-ბიწილო,
ჩამოიღვენთა რიჟრაჟეულ სტალაგმიტებად,
უნდა ვიძინო, თვალხილულმაც უნდა ვიძინო _
ვიდრე სამყარო ულექსობით არ აგმინდება.
... ცას შვენის მთვარე _ პაწაწინა ცრემლის აკიდო,
მზერას იდუმალ გარინდების სხივი მოება,
უნდა წავიდე,
მეც ცის კიდეს ჩამოვეკიდო,
ვიდრე სამყარო დაიბრუნებს უმანკოებას...