Litclub.ge

ქალწულო მცხეთა
კვართით ორსულო, ღატაკთმსახურო,
დედაო ქართლის _ ქალწულო მცხეთა,
ქეთევანი რომ მოვინახულო,
ტაძარში უნდა მოვიდე დღეს და...
შემოგიარო... გიგრძნო თითებით,
მუხლისთავებით უნდა შეგეხო,
იქნება მითხრა, რატომ ვინთები
ცისკარზე... ვიცი, უნდა ვილეღვო
და გამოვისხა რწმენის ნაყოფი,
რომ წაგახემსო, უხვო... უფალო...
დამპურებელო ყოფნა-არყოფნის...
ცრემლით ტერფები შემოგიბანო,
თმით შეგიმშრალო ზეთი, რომელიც
სისხლის მდინარედ მომდის გულიდან,
ახლობელო და მიუწვდომელო,
მომნატრებია კახიც, გუმისთაც...
ტაოსკარი და ტბეთი, ოპიზა,
პარხალი, ოშკი, იშხანი, ბანა...
ნადარბაზევი თამარ მეფისა,
წყალმა რომ ბანა და... ვერ გაბანა!..
ქეთევანი რომ მოვინახულო,
სვეტიცხოველში მოვრბივარ შენთან...
კვართით ორსულო, ღატაკთმსახურო,
დედაო ქართლის _ ქალწულო მცხეთა!