Litclub.ge

შემობრუნება
ვერ შევეგუე, თუკი ვინმეს რამე ვერ ვარგე,
მე არ მქონია არასოდეს, იცი, ქვის გული,
გადავემალე ეგეოსის ქაფის პერანგებს
და იმ შორეულ ჭიპს ვიყავი მაინც მიკრული.
ჰო, იმ შორეულს, უცნაური მთელის ნაწილი
და ჩემს განწყობას მიაწერდნენ ხშირად მნათობებს,
შემოგიარე, საკუთარმა სისხლმა გამწირა
და ვაპატიე, რომ უჭირდა, ვერ მივატოვე.
ცამ მომაკვდავი ვარსკვლავების გაშალა ჩელტი,
ვარდისფერ ნუნებს ატმებისას სხვა შუქი მოსავს,
ვერ მივატოვე, რადგან ის ბევრს ნიშნავდა ჩემთვის,
რადგან შეიძლო ჩემს კარებთან იმედით მოსვლა.
სხვა ჩაბრუნება, თუ ჩავყევი ცრემლებს მომისევს
და ცრემლებს შორის ძნელი არის ვპოვო ნუგეში,
შემოგიარე, მეტყვი რამეს და მე მოგისმენ
ასე ჩამჯდარი დახეთქილი კედლის კუთხეში.
ასე ჩამჯდარი, მერე ისევ ჩემი გზით ვივლი,
ხან ჯოჯოხეთი მიხილავს და ხანაც სამოთხე,
შენ მარტოობის დამანახე სევდა და ხიბლი,
მე მარტოობით აღტაცება ჯერ ვერ ამოვთქვი.
ვერ შევეგუე, თუკი ვინმეს რამე ვერ ვარგე,
მე არ მქონია არასოდეს, იცი, ქვის გული,
გადავემალე ეგეოსის ქაფის პერანგებს
და იმ შორეულ ჭიპს ვიყავი მაინც მიკრული.