მზე ხატავს სახლის ფერად რიკულებს,
საღმოვდება, დედდება ბინდი,
ზღვის კენჭებივით გამორიყულებს
აქა-იქ მბჟუტავ ნათურებს ვითვლი.
პატარა კაფე, მყუდრო. ინტიმი.
ნაცნობი ფილმის შავ-თეთრ კადრებად
შემოდის ძველი ქალაქის რიტმი
შუშაბანდებად, ბრებად, საყდრებად.
მზე ჰორიზონტზე შინდისფრად დნება
ვაყოლებ მზერას სხივებს_სტრიქონებს
ფიქრის რიტმული სწრაფი დინება
წაშლის და ისევ გამოიგონებს
სიტყვებს, სახელებს, უცნობს თუ ნაცნობს,
გადმოაბრუნებს ხსოვნის ყულაბას,
დრო ონავარი ბავშვივით ანცობს
და ყველა ამბავს კიდეს ულამბავს,
თავის ჭკუაზე გამოჭრის თარგებს,
წარსულ ფერებით შექმნის ვიტრაჟებს,
გადამავიწყებს წლებსა და ხარჯებს,
გააასმაგებს გრძნობის ტირაჟებს,
თითქოს ბებიის ნაქონ თითისტარს
ისევ ახლიდან დაატრიალებს
გადაკაწრული ძველი ფირფიტა_
დრო_ მოგონების ფირებს მტვრიანებს,
ნანახ სიზმრებში მამოგზაურებს
უკვე ნათქვამი სიტყვების ტევრში,
წლებსა და მანძილს აურ-დაურევს
და ალბათ, მაინც ვერაფერს შევცვლი.
ისევ გავწირავ ბავშვურ ოცნებებს,
როგორც ბრძოლაში წასულ მეომრებს,
გზაზე შემთხვევით ჩადენილ ცოდვებს,
წავშლი და ისევ გავიმეორებ.
გადაჭრის ქუჩას ზმორებით კატა,
შავი კუდივით მოყვება ღამე,
სახლის რიკულებს მზე აღარ ხატავს,
კატის თვალებით ქუჩა მიყურებს.
ჩააქრეთ ჩქარა, ნაღველს მაპარებს
ცაზე ვარსკვლავი და მარტიც მარტობს,
ზუსტად თორმეტზე, როგორც ზღპარში
დაკარგავს ჩრდილი საკუთარ პატრონს
და მარტოდმარტო მერე დილამდე
გრძნობით დამუხტულს ვეძებ იონებს,
სადღაც წარსულს და მომავალს შორის
გამავალ უცნობ მერიდიანზე
ვიპოვი ჩრდილს და საკუთარ თავსაც
ისევ ახლიდან გამოვიგონებ.