Litclub.ge

ხვარამზეს ლექსი
იცი, ძვირფასო,
ბევრი კერპი მყავს
ვაშლის ყვავილი, შენ და აპრილი
სულ სიყვარულზე მეჩურჩულება
სხივი სარკმელზე ცერად აჭრილი,
ვერა ვერაფრით ვეგულგრილები
მიწაზე იას, ცაში ასპიროზს,
აბა, მე მარტო როგორ გავუძლო
სამყაროს წარმტაცს და უნაპიროს...
მედეასავით ვნებას აყოლილს
ხან მწუხარება ისე მომიცავს,
მინდა მსხვერპლივით, როგორც ირემი
გადაეყარო ჩუბინ მოისარს,
რომ ჩემს მკლავებში სიკვდილს ებრძოდე,
და სისხლის ტკბილი გემო გავიგო,
დავაგემოვნო როგორც ბადაგი,
როგორც მწიფე და ტკბილი აკიდო,სულ ბღუჯა-ბღუჯა დავგლეჯ ბალახებს
ჭინჭრებს, ღიღილოს ანდა სამყურებს,
და ჩემი ხელით დაწურულ შარბათს,
ვით აიაზმას გადაგაპკურებ.
თმას ჩამოვიშლი მთაში დალივით
ათას ხრიკებს და ათას ოინებს
გამოვიგონებ, დავედევნები
მეტეორებს და მეტეორიტებს...
იცი, ძვირფასო, ჩემი სისუსტე,
საღამო შევსვი შენი თვალებით
და იმ დღის მერე დიდი ბავშვი ვარ
მეოცნებე და არგასამხელი,
ჰო, როგორც წარმართს ბევრი ნაკლი მაქვს,
ბევრი კერპი მყავს და ბევრი შვილი,
ყოველთვის როცა იღვიძებს ღამე
მე მზესთან ერთად სარეცელს ვიშლი
ვაშრობ ოცნების მტირალა რტოებს,
დაგროვილ გრძნობას ვუცვლი კალაპოტს
და ყოველ ღამით შენ როცა გძინავს,
როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ.…
ვიშენებ ლექსებს, როგორც ტკბილ ბუნაგს,
როგორც მტკიცე და მზიან ბარაკონს,
და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს,
პირველი შენ ხარ... ულაპარაკოდ...