Litclub.ge

ლოცვა ბანაობის წინ
ჩემი ექვსი შვილის
ოცდათექვსმეტი შვილიშვილის
ათასორას ოთხმოცდათქვსმეტი შვილთაშვილი
მადლობას გიხდის შენ,
ვისი კანიც უფრო მეტია
ვიდრე ამქვეყნად ყველა ფურცელი,
ვისი სხეულიც უფრო ფართოა
ვიდრე ამ ქვეყნად ყველა სამარე
და ეს ხალებიც ვის გლუვ კანზეც-
ჩიტის კვერცხების უძველესი დამწერლობაა.
მადლობა თბილი ნაკადისთვის
თბილი ქვებისთვის,
ორთქლის რძიანი ღრუბლებისთვის
აბაზანის ფარდების მიღმა
ქაფის ქათქათა ტალღებისთვის
აბაზანის თეთრ ნაპირებთან.

ქვები მოაქციე მწყრის კვერცხებად
ხორბლის თბილ ყანაში დააბუდე
ქაფი წიწილების წინდებისთვის
დავართე და ისევ დამებურდა,
რადგან ყოველდილით ქალწული ვარ
რადგან ყოველ ჯერზე დედა ვხდები,
კანზე ცისარტყელის ანარეკლი -
კვალი შეხებების - შეთანხმება

ისევ ძალაშია:

რადგან ერთი შვილი
მაშინ ერთი ლექსი
თუკი ერთი ლექსი
მაშინ ერთი შვილი

ავდგები და ისევ გავაშვილებ.


ორთქლში ყვავილივით გაიშალა
საპნის უნაზესი მორჩი
ბოდიში სახადივით მოვიხადე
კიდევ ერთი ჩვილი ჩავისახე.
ტანზე ცხელი წყალი გადავივლე
და ახლა უკეთ ვარ,
მოვრჩი.