Litclub.ge

საიდანაც უნდა დავიწყოთ
არასდროს გასხლა ჩემი წიგნი, მასში ვერცერთი
სიტყვა ვერ ლერწობს შენს გარეშე, დიდხანს ვეძებდი
შესაფერ მიწას, შესაფერ მზეს, შესაფერ წვიმას
ლექსნერგები რომ გადმომერგო შენში გულიდან
და ახლა უკვე, როცა ჰყვავის ბაღის მეცხრედი,
ვხევ ცოცხალ ფურცლებს, უანგარო სიყვარულით და
ღრმა მოწიწებით კვლავ გულთან მიმაქვს.

აი, ეს არის ჩემი გული, სხვისთვის შორია,
შენს გარდა მასში არც არავის არ უცხოვრია
და თავმდაბალი იმედი მაქვს იქ ცხოვრობ ახლაც,
გიორგობისთვეს ველოდები, როცა მაჭარის
სუნი მარანში მოხუცივით იწყებს ბორიალს,
სიყვარულის და შიშის ნაჯვარი
სიტყვები როცა წამოწევენ თავს ცისკენ, მაღლა.

სიტყვები, თითქოს ბალახია, ერთი შეხედვით,
მაგრამ კარგად თუ დააკვირდი, მათი ფეხები
ვაზის ფესვივით ცეცხლგამძლეა და უფრო მეტიც

მე მათზე ვსახლობ, მათზე მძინავს, მათზე დავდივარ
და ამ ვენახში ერთხელ მაინც თუკი შეხვედი
და სიტყვის სუნი შეიგრძენი, გეტყვი ნამდვილად:
მეფე კი არა, რომ იყო ღმერთი,
ამ სილამაზეს ვერ დათმობდი ალბათ ადვილად.