1.
მწარე ღიმილი გაანგრევს ტუჩებს,
როცა მარტვილის დიდი მინდვრები შედიან გაზაფხულში,
როგორც თეატრში
და შენს ძარღვებში მთვარესავით აენთება წითელი სისხლი.
2.
აქაც უცხო ხარ,
აქაც ცივად ჟღარუნობს ქარი
და ვარსკვლავების ნაჩხვლეტები გაყრია ტანზე
მსუსხავი, როგორც კაქტუსის ტოტი.
3.
შენ დიდხანს ეძებდი გამოქვაბულს,
სადაც შეგეძლო ნადირივით გეცხოვრა,
სადაც ყვითელი ბალახების დღესასწაულში
დაივიწყებდი, რომ არსებობს მკვდარი საღამო,
დაივიწყებდი, რომ არსებობს მკვდარი თვალები.
4.
ეს მტვერი მიცვალებულთა სულივით შრიალებს ოთახში,
გარეთ კი გაზაფხული ყვირის,
მაგრამ არსად გაქვს წასასვლელი,
არსად ანთია მოწყალე შუქი,
არსად დატოვეს ღია კარები.
5.
სანამ ცოხნი ამ მოგონილ ბედნიერებას,
თვინიერი ცხოველივით, სანამ უმზერ
ამ უსიცოცხლო დეკორაციას
6.
შენს ყრუ კედლებზე მარტოობა ამოუტვიფრავთ
როგორც საგვარეულო ღერბი.
7.
გაზაფხული კი შეშინებული ბავშვივით ყვირის
და განწარებით შემორბის სახლში.