Litclub.ge

* * * რამდენი ჭკვიანი გოგოა ქვეყნად!
რამდენი ჭკვიანი გოგოა ქვეყნად!
თუნდაც ჩემი ნაცნობი ქალი.
რა კარგად ლაპარაკობდა ნიცშეზე!
ვერავინ გააჩუმა. ყველას მოერია.
შინ რომ წამოვედი, ნიცშეს წიგნი გამოვაყოლე.
მეც გავიგო რამე ამ ქვეყნისა!
ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცი, რომ შენ არსებობ.
შენ ნამდვილად გეცოდინება ნიცშე.
რამდენჯერ დაგინახე - ჭკვიან გოგოებთან ლაპარაკობ.
ვიკითხე ნიცშე, ვიკითხე და ვერაფერი ვერ გავიგე.
ავდექი და წიგნი თავზე დავიდე.
შენზე ფიქრი მერჩია - ისე, ნიცშეს გარეშე.
არ ვიცი, რა გირჩევნია, ვთქვათ, რომ გერჩიოს -
ნიცშეზე ცხარედ შეგეპაექრო, არ დაგითმო,
მედგრად დავდგე, ჭკვიანი ვიყო, როგორც შენი შესაფერი,
თუ ის მოგიყვე, რას ვიქსოვ ახლა ლიკრის ძაფით?
(ძაფი ჯერ არ მიყიდია - ვოცნებობ).
მერე ავდექი და ნიცშეს წიგნზე თავი დავდე.
მაინც ვერაფერი გავიგე.
მერე ეს ლექსი დავწერე - ლექსმა ცოტა დამამშვიდა:
მეც ვაკეთებ რაღაცას.
და საერთოდ შეიძლება, შენ ნიცშე არ გაინტერესებს.
წაღმაც მეჭირა ნიცშეს წიგნი და უკუღმაც -
რა გამოვიდა? სხვაგან ჰქროდა ჩემი გონება.
თქვეს კი, რომ მოდაშია ნიცშე. იცოდე,
დავმარცხდი ნიცშესთან, ვაღიარებ.
შენ? არაფერს არ აღიარებ?