მე რომ ბუზი ვიყო,
დავიძინებდი ამ ზაფხულში,
ამ ხმაურში და სიმხურვალეში.
ვიძინებდი მთელ შემოდგომას,
დაველოდებოდი, როდის მოიხურავდა კარს
ამ სახლის ყველაზე ბოლო ბინადარიც.
და ზამთარში, როცა თოვლს ჩამოყრიდა,
როცა ეზოში არ იქნებოდა არც ერთი ნაფეხური,
როცა ზამთრის სუსტი მზის სხივები
ოდნავ მაინც გამათბობდა,
გამოვიჩეკებოდი
და ავფრინდებოდი აივნიდან სიჩუმესა და
სითეთრეში,
ერთი პატარა, შავი წერტილი,
აქეთ-იქით ვიბზუილებდი,
(თუნდაც ერთი დღე, თუნდაც სულ რამდენიმე საათი)
და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა,
ნაკვალევიც არ დარჩებოდა,
ისე ვიქნებოდი იმ სიჩუმის და სიმარტოვის
ერთადერთი ბატონ-პატრონი.