გავდივარ გარეთ, სად არის მთვარე?
სად არის სიცხე, როგორც სასჯელი?
სკანდალი სულის გავრიყე მწარედ,
განვაგდე აზრიც - ვნების გამთლელი!
გავდივარ ღამით და მგონი წამით -
სულ მხოლოდ წამით წარმომიდგები;
თავს რომ გაბეზრებ იმით და ამით...
როგორც კავშირი ღმერთთან - მიწყდები.
მიწყდები შიგნით, ფიქრებშიც მიჯრით,
მოწოლით, რისხვით - შენსკენ მოჰქრიან -
ორივემ ვიცით, რაც ხდება - ვიცით,
კონვულსიები - შველად მოდიან!
მაკლიხარ რადგან, გაგარჩევ მათგან,
ვინც ამოვშალე მკრთალი სიიდან;
სიგიჟეს ვხარშავ უსაზღვრო დარდთან,
როცა მიღიმი თეთრი წიგნიდან.
როცა სილუეტს, როგორც პირუეტს
დავაბზრიალებ მე ჩემს გუმანში,
ბგერები შენი სმენას მიყრუებს
და შევბრუნდები ისევ უმალ შინ!
ავაწყობ რითმას - ვითარცა სიზმარს,
მოგიძღვნი ჩუმად უკუნ სტრიქონებს...
მოველი დილას ცივსა და სისხამს,
ეს გადარევაც კვლავაც გიგონებს!
გაცვდება განცდა, დავრჩები სახტად -
როცა შემთხვევით სადმე დაგლანდავ...
მგონიხარ სადღაც და თანაც არსად -
არსად ყოფნაში ჯაჭვით დაგაბამ!
გინდა გაფრინდე, გასცდე ამინდებს,
გასცდე ჰორიზონტს, როგორც ფანტომი -
დევნა შენამდე მომსპობს, ამიკლებს -
მე ვერ მოგწვდები ერთი ნახტომით!
განწმენდა სულის არ არის რთული,
როცა მეექვსე გრძნობა ანთია...
ენერგეტიკა ვიღაცის - მტრული,
განადგურდება შენით - ნათია!
სულ წაიშლება შავ-თეთრ ზვირთებად,
ფერად ნივთებად ღიმილის სითბო -
მიუწვდომელში რჩები მიგნებად,
გაურკვეველში შეგნატრი, გიხმობ.
ამ წუთას გძინავს და როგორც მინას -
სახეზე გეკვრის ღამის სისველე,
ილუზიებით გავცდები მიწას -
შენ დამაბრუნე, შენვე მიშველე!
რომ არ გავთავდე, არ გადავგვარდე,
არ დავიშალო ათას სიყალბედ...
მსურს რომ მთვარეზე დღეს გადავსახლდე,
ამიტომ ლექსად მე ეს გიამბე.
შემოვალ შიგნით, ვამაყობ იმით,
რომ არ მოგბეზრდა ჩემი ლაყაფი...
დაგხატავ უცებ საკუთარ სისხლით,
სისხლი - ჟანგია, შენ კი - სარდაფი;
შევდივარ ბნელში და მხოლოდ ჩემში -
და მხოლოდ ჩემში თეთრად ტივტივებ...
გასკდება ტრომბი ავადმყოფ მკერდში
როცა ზეცაზე გაილივლივებ.