ნამიწისძვრალი შემეფეთა სახლების რიგი
გახეთქილ ბზარებს ქალწულებად გადაფურჩქნიან...
ზანზარით როკავს ხრინწიანი თბილისის ქარი,
სადარბაზოებს პასეანსი გადაუშლიათ!
ხარაჩოების ეგზოტიკა ამოკლებს დღეებს,
გაპარტახებულ სარდაფებში მიძვრება ვიღაც.
კვამლიან სხვენთა ლიტურგიას აღავლენს წვიმა,
ყველგან სუსხია განძარცული, გარეთ და შინაც!
მშიერ ყრონტების რექვიემი ნარნარად ისმის,
კომის ხროტინში იავნანა სიზმრად გვერევა
წელში გაწყვეტა, ქანცის წყვეტა, გამოშტერება -
მზე ჩაიფერფლა, დავიწრიტეთ, თავბრუ გვეხვევა...
ნოსტალგიური კომфორტების ზღაპრულ სრიებს,
ვით კინოფირებს, ვატრიალებთ ყუთებში ხელით,
ვქექავთ ნივთებში, ვთესავთ ნაგავში და ველოდებით
საპარლამენტოდ გამოწყობილ ფონდის ფერიებს!
ქალაქი მოკვდა! - რა ხანია მკვდარი ვარ თავად,
მთვარის პანაშვიდს ემატება ღამის წლისთავი...
ქვის კიდურებით, აღმოვაჩენ კეთროვან მარშრუტს;
არც ბეღრურა სჩანს, აღარც ყვავი, აღარც მქირდავი!
თვალები ყრია, ამომძვრალნი დაუკითხავად,
სუნთქვები ისმის, უფილტვებოდ ამოპარული;
და ჩვენი ნება, წართმეული, ტაბუნადები
და ჩვენი ხსოვნა - სივრცეებში ამოქარგული!
ჭუჭყიან ზეწრებს აუკლიათ ნაპირნი გზების,
დამსხვრეულ ძვლების კონცერტებით წვება ამინდი;
ვასრულებ ფეთქვას, გაბრძოლებას, აწევას წნევის,
არც მიხარია, არც მაწუხებს, აღარც განვიცდი!
- ნაგრუხუნევი შემომასკდა კედლების წყება,
გაფხრეწილ ნერვებს - ქალწულებად ხევენ ფიქრები;
უჩუმრად ბოდავს, დაკოდილი თბილისის ქარი,
ქუჩებში ყრია არნახული, ჩვენი სიზმრები!