ყველაზე მეტად უყვართ,
ყველაზე მეტად უყვარს,
უყვარს და ღმერთმა ნუ ქნას
არ მოამადლოს უხვად...
ცა – რომანტიკა სულის,
მიწა, ფუძე და ფესვი,
ჰარმონიაა სრული
შოთა ზოიძის ლექსი...
უჭირავს მუჭა-მუჭა
სიტყვა კაჟის და ტინის,
შოთა ზოიძეს უჭირს,
მაგრამ არასდროს ტირის.
ხელში უჭირავს უფლის
შანდალი - მეტაფორა,
აცვია თეთრი ტუფლი
და უფლის ანაფორა.
არ იცის უქმე, კვირა,
ტკივა და ტკივილს მალავს,
შოთა ზოიძეს ტკივა,
მაგრამ არ ეძებს წამალს.
გამიკვირდება, რომ თქვან,
შოთა ზოიძე მღერის,
დიდი ზვავების სუნთქვა
და ზვირთი დიდი ღელის.
როცა ცრუ პოეტს სძინავს,
შოთა ზოიძე იბრძვის,
დროა ბნელი და მძიმე
და სიცრუეა სიბრძნის.
შოთა ზოიძეს კლავენ
დღიდან ლექსების წერის,
არ მოუხრია მკლავი,
არ შეუცვლია რწმენა.
არ გაქცევია დრო-ჟამს,
არ ჩაუგია ხმალი,
ქოფაკი რაღას მოჭამს,
ძაღლები მის ძვლებს ხრავენ.
როდის ყოფილა მწყრალად,
როდის ყოფილა? როდის?
წყნარად, ბიჭებო, წყნარად,
შოთა ზოიძე მოდის!