Litclub.ge

ფიქრები ასპენდოსის ამფითეატრში

            ბათუმელთა სპექტაკლ ,,ოტელოს’’
           დაწყებამდე და შემდეგ
1.
მე არაფრის თქმა არ მსურდა,
ან რატომ უნდა მეთქვა,
როცა მესმოდა წარსულთან
ცოცხალი გულისფეთქვა.
სტუმარი ვიყავ, ამიტომ
მქონდა კრძალვა და რიდი,
შევყურებ, უცხო თეატრში
ჩემი სპექტაქლი მიდის.
სცენაზე დრო რომ გაქვავდა,
სიკვდილი ამოძრავდა,
თითქმის უდაბურ ბაქანთან
დავლანდე ამორძალი.

2.
ვიდექ წარსულის წინაშე,
დროში რომ დავივანე,
მელაციცება მირაჟი
და ასპენდოსის ღამე.
ფიქრი სხვა მხარეს გადადის
და მეც ჩრდილივით ვქრები,
ფეხისგულს მწვავდა მხურვალე,
კეცივით ცხელი ქვები.
თითქოს მეც ენა დამება,
დაძაბულია სმენა,
ქვის კედლები და სკამები
და, რა თქმა უნდა, სცენა.

3.
აქ ზის თეატრის პატრონიც,
წაღმა ტრიალებს ჩარხი,
მობრძანდა იმპერატორი,
ფეხზე აბრძანდა ხალხი.
ვფიქრობ, ახია ყველაზე,
უფალი ვეღარ იხსნის,
ამფითეატრის სცენაზე
სუნი ტრიალებს სისხლის.
მოუხმეს გლადიატორებს,
სუნთქვა შეეკრა ყველას,
გულგრილს არავის არ ტოვებს,
აზავთებული სცენა.
იყო ნამდვილი კორიდა,
შოუ დღეის და ხვალის,
და ორიდან ერთს ელოდა
უბედო ბედი ხარის.
ეს იყო მხოლოდ პროლოგი,
კორიდა იყო რადგან,
და გამოენთო სცენაზე
თანამედროვე დადგმა.

4.
ასეა წუთისოფელი,
დამამხობელი ყველასი,
სცენაზე ბორგავს ოტელო,
ხმა მესმის დეზდემონასი,
ოტელო ტირის და იქვე
სიცილით კვდება იაგო,
არ ვიცი, ვის რა დავარქვა,
ვის რა პატივი მივაგო?!

5.
როცა სპექტაკლი დასრულდა,
უნდა გენახათ მაშინ,
ხალხს ფეხის მოცვლა არ სურდა
და გუგუნებდა ტაში.
ვენდობი, როგორ არ ვენდო,
არაფერს ვამბობ ახალს,
იმას, რაც ვნახე ასპენდოსს,
სიზმარშიც ვეღარ ვნახავ.