მარიამხელა ჩვენს მთებში გავრცელებული
ბალახია. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ
ჭრილობების მოსაშუშებლად...
დედისაგან
ამოიხვართქლე ჩემ მთის ფერდებზე,
ღვთაებავ, კრძალულ ბაგით სათქმელო,
მარიამხელა _ სისხლა ბალახო,
სასწაულქმედო ღვთისშობლის ხელო.
შენს თითებიდან მზე შინდისფერი,
გადმომჭვირვალებს ქრისტეს სისხლივით,
შენ ყოვლადწმინდა დედის ხელივით,
უწყი რა ცეცხლი მწვავდა მიწყივი.
ხვედრმიუგებელს, წრფელსა და ეულს,
დღემდე მომყვება ბედი მდევარი,
გადააფარე ჩემს დაჭრილ სხეულს,
ღვთისსასწაულა ხელის მტევანი.
მარიამხელა! _ შინდა ყვავილო,
ღია იარებს მოწვეთავს სისხლი,
მიესალბუნე გატანჯულ მოდგმას,
მას ისევ შენი მირონი იხსნის.
შენი მზიანი თითების წვენით
მთლიანდებოდა გული ნახმლევი...
რა იდუმალი ძალითაც გვშველი,
ყველაფერს ამხელს შენი სახელი.
მარიამხელა! _ შენს საქართველოს,
ვინ აღარა ფლეთს, ვინ აღარ ჩემობს,
მოჰფინე ისევ შენი ნათელი,
თბილი თითები შეახე, მხსნელო!