Litclub.ge

ოჯახის მამა
გაჭაღარავდა ოჯახის მამა,
ვაი, რა უდროოდ გაჭაღარავდა,
დაპატარავდა ოჯახის მამა,
შვილების თვალწინ დაპატარავდა. 
მძიმეა კაცის სევდა და დარდი,
სულში ეს ლექსიც რა ცივად ბარდნის,
გადის სახლიდან ოჯახის დედა,
ზურგზე ვეება ცარიელ ჩანთით,
ან გასატანი რა შეგვრჩა იქით!
მოივლის ჰინდოს, მოივლის მისრეთს,
მოუტანს ქმარ-შვილს ჭრელჭრულა ჭინჭებს...
გაჭაღარავდა ოჯახის მამა.
აუყვავილდა ხელებზე ფითრი,
როდემდე, ნეტა, თქმა უნდა ამას _
სრისოს ხელუქმი დღეების ზინთი...
სხეულს ხომ უკვე ფარავს და ფარავს,
ახლა შიგ სულში მოცოცავს ფითრი!
გაჭაღარავდა ოჯახის მამა,
ვაი, რა უდროოდ გაჭაღარავდა,
დაპატარავდა ოჯახის მამა,
და საქართველოც დაპატარავდა.