Litclub.ge

* * * ბელას
ახლა ჩვეული მოწყენაა და ალუბალი
ბაღში. ვიგონებ შუაღამით. ძველი მეგობრით.
შორეულ დღეებს. ვთამაშობდით დამალობანას
მე და სიკვდილი. და ჯერ-ჯერით ვინაბებოდით

შენს ჩვეულებრივ სამყაროში. ახლაც ჩვეული
ოღონდ რაღაცის დასასრულის მაუწყებელი
გაღიმებაა. ღიმილია. გახლეჩილია.
და ბაღშიც დიდი ხეებია. საუცხოოა.

მეტი სპლინია. წყვეტილიდან გამოსარიყი.
კაპრალი. თანაც გასარითმი ახალ საგნებთან.
მე მაოცებდა. მამშვიდებდა. თითქმის არ იყო
სიკვდილი შენში და სიკვდილიც რას მომაგნებდა

შენში. ეს იყო ერთმანეთი ახლო ხედიდან.
ოპერა. სადაც დავდიოდით მავანებივით.
ჰეინეკენი. სადაც რაღაც სხივებს ვხევდით და
თვალები. სადაც ქალაქები გავანებივრეთ.

და წუხელ. თითქოს. და ხელები თვითონ მელაგა.
ახლა ჩვეული მოწყენაა და ფერებია.
რაღაცის გამო გამოვდივარ შენგან. ყველასგან.
ბაღში. და ვდგავარ დასასრულის ტრაფარეტივით.