სინათლით გაბრწყინვებულო
შენ, ღვთისმშობელო დედაო,
შემინდე უმეცრებითა
ცოდვანი ზედიზედაო,
რაც გულმან გასცრა ზრახვებით
და ენამ დაიყბედაო.
ცოდვის ჯანღი და ნისლები
სულზე ბინდი და ობია,
ამ უსამართლო სოფელში
გული გულს გადაჰღობია,
თვალზე რო ცრემლი ჩამომდის,
ათასი წლის სამყოფია.
ჩემი ცხონების დედაო,
ჩემი სიმართლის ხვალეო,
ვერ ავიტანე ამ სოფლის
სიცრუე, სიმუხთალეო,
ვერ შევუერთდი სოფელსა,
გავშორდი, გავეცალეო,
კლდის ნაპრალებზე დავდექი,
ვივაგლახ-ვივალალეო,
ტანჯვით, მარხვით და ლოცვითა
თითქოსდა შევიცვალეო,
ამ უსამართლო ბრძოლაში
ბოროტი ვერ დავღალეო,
კლდეებზე ვეღარ გავძელი,
უკან დავბრუნდი მალეო,
ჩემი ცხოვრების დღეები
ცრემლებად ჩამოვთვალეო,
გევედრი, შენი წყალობის
კალთაში გადამმალეო,
ცოდვათა ჩემთა სიუხვე
შემინდე, შემიწყალეო,
წუთისოფელის სიმუხთლე
სიმართლით შემიცვალეო,
ჩემი ცხოვნების დედაო,
ჩემი სიცოცხლის ხვალეო,
შენგნით მოძღვნილი წყალობა
ვთვალე და ვერ დავთვალეო,
დღეო, რადგანაც გათენდი,
ნუ დაღამდები მალეო,
თუ მაინც დაღამდებოდე
გათენდებოდე ხვალეო,
შენი აღდგომის იმედი
ნურასდროს მომიშალეო,
შენთა მნათობთა სხივებით
ცრემლები მომიმშრალეო.
ცრემლოვანნი და თალხები
საწნახელებში დგანანო...
სადღაც ტირიან ბალღები,
ანგელოსებსა ჰგვანანო...