Litclub.ge

ჩემი დედოფალი
გუშინ, ქარი ხავერდიან გუმბათებთან გაიფანტა,
შენ, სარეცელს გისველებდნენ თოვლის თეთრი ზეფირები,
მთვარე, როგორც სულამითა, მგლოვიარე ქალი - ალტი
და სიყვარულგაღეღილი, ურიჟრაჟო ღამის ფარდა,
ირწეოდა, როგორც საფლავს დაფენილი რექვიემი,
სადაც ყველა უშვილოა, სადაც ყველა აკვნებს ამტვრევს,
სადაც ყველა მიჰყავს ფანტომს, სადაც ყველა (მკვდრების გარდა)
არის კაკლის კუბოებთან გადარგული ოლეანდრი.

მე მოვედი შენთან, როცა თოვლი ბროლის თითებს გბანდა,
როცა ბაგეს გიწითლებდა ზიარების ტკბილი ბანგი.
ღამე იყო უკელაპტრო და სიკვდილის ანგელოზი
ღია თვალთა სარკმელიდან გაჰყურებდა მწიფე ტყემლებს,
მთაში თოვლი ყვავილობდა, ცაში - სულთა იკებანა,
მოწყენილმა ტირიფებმა წამწამები დაისველეს.

ნოემბერიც მიილევა, ვიდრე მიწა გიამბორებს,
ვიდრე, მუხის მძიმე კუბო შეერევა მტვრიან ცხედარს,
მე დავხოცავ შენს საფლავზე გადაწოლილ ნიამორებს,
ვიდრე ღმერთი შენს განაჩენს ხელმეორედ გადახედავს...

მაგრამ...
როგორ მიიცვალე...
იცი?- კიდევ მოვა თოვლი,
გაშიშვლებულ ფიჭვის ფესვებს შეაციებს, გადაფარავს.
ვეღარ ნახავ, როგორ ბარდნის...
ეს იქნება, ალბათ, ბოლო...
ეს იქნება მთვარის ფიფქი და ლანდებით ქალი - ალტი,
ქერუბიმთა ფრთების წყება, სერაფიმთა წყნარი არფა,
სულმიმქრალი დაისები და ბულბულის ნაზი სოლო.
რომ მცოდნოდა შენი ტანჯვა, მე გაზაფხულს მოგიტანდი,
ჩემი სუნთქვის დედოფალო, ჩემო თეთრო დედოფალა.