დადიხარ მთელ დღეს წინა და უკან,
კიდეც აკეთებ რაღაცას თითქოს,
გიწევს სულელებს კვერი დაუკრა,
სხვა გზა არცა გაქვს, თუმცაღა _ ითქვას.
ვიღაცას ხოტბაც შეასხა _ უნდა,
არ სურთ სხვაგვარად შენი ატანა.
ხშირად ცდილობენ დაგადონ ხუნდი
და გააღმერთონ შენს წინ სატანა.
გული გევსება თანდათან შხამით,
ქუჩაში ითვლი უგზო ნაბიჯებს.
ლამაზ მირაჟებს გიხედნის ჟამი
და უძლურება ტკივილს განიჭებს.
არ შეგწევს ძალა _ დათმო სინდისი
ან უვიცები დასძლიო სიბრძნით.
ხელის ჩაქნევა გინდა ბინდის წინ,
მაგრამ ბინდს მიღმა შუქისთვის იბრძვი.
სული შიმშილობს სასადილოსთან,
ნამუსის ძაფი ფეთქავს ტაქტებით,
ხან შენ თვითონ ხარ სასაცილო და
ხან ის, ვისაც შენ ეკონტაქტები.