საკითხავი არაფერია,
შორს ყველაფრისგან, რა თქმა უნდა, მხოლოდ არყოფნა,
სრული გაქრობა, წასვლა, გაქცევა...
სულდიდ ქმნილებას რა შეშვენის?
ის, რომ იტანჯოს საკუთარ ხვედრით,
სხვების ცრემლებით და სამყაროს გაუტანლობით,
თუ მიიძინოს,
რომ მოაშთოს ბოროტი ხმები,
მატყუარა, შემპარავი, არაფრისმთქმელი...
მხოლოდ იმედი უსასრულო გვირაბის ბოლოს,
უფრო მტანჯველი, ვინემ ბნელი უიმედობა
და მოლოდინი "ერთხელაც, იქნებ..."
მაგრამ ყოველი ზმანებაა, ტკბილი სიზმარი,
და ჰა, დაირღვა დროთა კავშირი
და არც ვის ახსოვს ნათელი დღენი...
ვინ არს ჰეკუბა, ან მე რა ვარ იმ ჰეკუბასთვის?
მამაკაცები შეეფარნენ ქალების კალთას,
(ოი, სირცხვილო, სად დაკარგე სიწითლე შენი?)
ჯარისკაცები ჯარისკაცებს უკრავენ თავებს,
მრავლდება კრავი და ზვარაკის იღვრება სისხლი
და მყრალი სუნი სულს უხუთავს ოლიმპოს ღმერთებს...
ვინ გადაწყვიტოს ყოფნისა თუ არყოფნის ბედი,
თუკი ამქვეყნად გერგო მონის საბრალო ხვედრი,
მაშ ქარქაშიდან ამოიღე მახვილი დაშნა,
აღარ იფიქრო აღარც ტახტზე, არც ღირსებაზე,
ოფელიასაც დაუქნიე შორიდან ხელი,
არარაობავ, დედაკაცი უნდა გერქვას შენ.
დე, ილაღობონ როზენკრაცმა და გილდენსტერნმა,
პოლონიიუსმა უგალობოს მეფეს დიდება
და დედოფალმა სარეცელზე მოჰგვაროს შვება,
შენ კი, რომელსაც წამებულის გერგო გვირგვინი,
ტახტის მემკვიდრევ, განსწავლულო, დაეჭვებულო,
ნუღარა დაღლი მესაფლავეთ ფუჭი ლოდინით...
და მერე მოვა იორიკი, მასხარა ვინმე
და თავის ქალას, ჩონჩხად ქცეულს, აიღებს ხელში,
ბნელ მოსასხამში დამალავს სახეს და ჩუმად იტყვის:
"საბრალო ჰამლეტ".