Litclub.ge

არავინ მოდის
გადმოიფინა ატმები ქარვის,
თაფლის თვალები გააღო მთვარემ.
სუნთქვა მწუხარე მომესმა ქარის
და ქარის სუნთქვა მე მოვიპარე.

ფიქრებმა სწრაფად იცვალეს ფერი,
თვალი მივანდე შორეულ ლოდინს.
ო, არსად არის თვალი ცისფერი -
არავინ მოდის, არავინ მოდის!...

დავტოვებ წიგნებს! დავტოვებ ოთახს...
შიშველ ფეხებით ვეხები მწვანეს,
გარეთ ბალახებს წვეთები მორთავს,
ფოთლებმა დარდი გადამაცალეს.

ნიავი არხევს ბუჩქებში იებს,
ხელს ვერ შემახებს ვერვინ ამქვეყნად.
მთვარე იფარებს ვერცხლის არშიებს,
სიკვდილის ჩონჩხზე უნდა დავემყნა.

მზეს დავაწყვიტავ სამეფო ტაძრებს,
არ მეშინია ქარის და შფოთვის,
მხოლოდ ღიმილი ატმების ამრევს,
არავინ მოდის! არავინ მოდის!...