Litclub.ge

ცოდვა
როგორღაც მიყვარს მე ჩემი ცოდვა,
ჩემს სიზმრებში რომ ჩუმად წრიალებს
და გარეთ უნდა რომ გამოვიდეს
და შეხვდეს ცოდვილ ადამიანებს:
ვიცი, რომ მისი ადგილი სწორედ
გარეთ არის და, არა აქ, გულში,
მაგრამ საშინლად ვუფრთხი კვლავ ჭორებს
და ცოდვას გარეთ გამოსვლას ვუშლი.
ის კი იზრდება და იმ წუთს ელის,
მე რომ ვიქნები მასზე პატარა,
რათა როგორც ბავშვს, ჩამკიდოს ხელი
და დღე და ღამე შენთან მატაროს...
ჯერ ტოლები ვართ. გავდივართ გარეთ.
ლაღობს; გაზაფხულს და მზეს შეხარის;
მეჩურჩულება: "ოთხივე მხარეს
ყველა ცოდვილი არის შენსავით"
ნაცნობ ქუჩაზე გავდივართ ერთად;
ნაცნობ ტელეფონს ზუსტად მახსენებს;
მე: "არა-მეთქი... დაგწყევლოს ღმერთმა,
ჩამომეხსენი და მომასვენე".
ვდაობთ. არაფრით არ მიშვებს სახლში,
ვიღლები - არც მე ვჩანვარ ძლიერი
და ცოტას ვუთმობ, შევდივარ ბაღში
და უცნობ წყვილებს ვათვალიერებ.