Litclub.ge

ოდა ცრემლსადენ გაზს
ყველაფერი ხახვით დაიწყო.
ადამიანებს როდესაც არ ეტირებოდათ,
მწარე ხახვს ფცქვნიდნენ,
წვრილად ჭრიდნენ,
ზოგჯერ სულაც უპუროდ ჭამდნენ
და ბოლოს მაინც იცრემლებდნენ
გამომშრალ თვალებს.
სიღარიბის და საშინელი ვირუსების
ძველ ეპოქებში
ხახვი სწორედ რომ მისწრება იყო:
იყო იაფი,
ორგანიზმის იმუნიტეტს აძლიერებდა,
თანაც როცა დანაყრდებოდი
და ცოტასაც ისლუკუნებდი,
გულზე ოდნავ მოგეშვებოდა!..

ამასთანავე,
დემოსს ძველი საბერძნეთის მერე როდისღა
ჰქონდა იმის შესაძლებლობა,
ევრიპიდეთი, ესქილეთი,
ან სხვა ნატიფი, დრამატული ხელოვნებით
განეცადა კათარზისი, ასე საჭირო!..

ამიტომაც, მწარე ხახვი და იმის ჯანი!...

ხანდახან ხალხი როცა მაინც აჯანყდებოდა,
მეფეებს და იმპერატორებს
გამოჰყავდათ საკუთარი ლაშქარი და
ისინი ხახვის მთელ მოსავალს
მოჯანყეებს გაფცქვნილი სახით
უშენდნენ ხოლმე...
განრისხებული უპოვრებიც
გააგდებდნენ ხელიდან ფოცხებს,
ფიწლებს და შუბებს,
ჩამოსხდებოდნენ სიპ ქვებზე და
რუსთაველის გმირებივით ატირდებოდნენ...

ისტორიულ ქრონიკებში და ანალებში
ამის შესახებ არაფერი არა წერია.
მიზეზი კი მარტივია:
მეფის კართა ჟამთაღმწერები
ხახვის სროლით მოპოვებულ გამარჯვებებს
მალავდნენ ხოლმე,
ისე როგორც ხალხი მალავდა
ბოსტნეულით მიყენებულ ამ დამარცხებებს.

მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა...
ქვეყანა ბევრჯერ ამოტრიალდა:
ფეოდალებმა, მონარქებმა, დიქტატორებმა,
კომუნისტებმა, დემოკრატებმა, ლიბერალებმა
უთვალავჯერ მოინდომეს ამ ცხოვრების
დაყენება საკუთარ წესზე.
ამ მონდომება-მონდომებაში
მეთოდებიც აუმჯობესეს...
და აგერ, აი, ხახვის ნაცვლად
უკეთესი ცრემლსაფრქვევი ბოლქვებიც
კი გამოიგონეს...

ხახვს აწი უკვე ყველა მხოლოდ
საკვებ პროდუქტად იყენებს ხოლმე:
ხრაკავს და თუშავს,
წვნიანს უშვრება,
მწვადს, ქაბაბს ან სალათას აჭრის,
და ამიტომაც, რახანია, მზარეულები,
ან დიასახლისი ქალბატონები
თუღა ღვრიან მის გამო ცრემლებს......

ჩვენი ქვეყანა დიდი ხანი
იყო ფრიად ჩამორჩენილი...
დიდი ხანი ვცდილობდით,
მაგრამ ვერ ვახერხებდით,
აგრარული ეპოქიდან თავის დაღწევას......
ბანანის და სიმინდის კი არადა, ლამის
ჩიპოლინოს რესპუბლიკა ვიყავით მუდამ...

მაგრამ ბოლოს, მადლობა ღმერთს,
ჩვენაც გვეღირსა!..
გვეღირსა და დღევანდელობის შესაფერისად,
ღირსეულად და ამაყად,
ყველამ ერთად,
დედაქალაქის გულისგულში,
ისე როგორც ერთმა გუნდმა,
ისე ვიტირეთ!

ცრემლები მეც გადმოვყარე,
მით უმეტეს, რომ მიზეზი
სხვებზე მეტი მქონდა ნამდვილად!..
საერთო-სახალხო ქვითინამდე
ერთი დღით ადრე ხომ უეცრად
უახლოესი მეგობარი გარდამეცვალა.
და პირველ დღესვე, სულშეძრულმა,
სხვებთან ერთად
დავიტირე იგი გულის ამოჯდომამდე...

მეორე დღესაც, ცხადია, რომ
იქით გავწიე, მეგობარი სადაც ესვენა -
ანუ სწორედ იმ ვიწრო და მყუდრო ქუჩისკენ,
სახელმწიფო კანცელარიას რომ უერთდება...
წინადღინდელი ემოციებით
გადამწვარს და სულგამოფიტულს
გული მქონდა ჩაწყვეტილი,
თვალი გამშრალი...
მივდიოდი გამოღლილი,
მექანიკური ნაბიჯით და
ვიცოდი რომ პირველსავე დღეს
მის ცხედართან
გამოვლიე ჩემს სხეულში არსებული
ცრემლის თითქმის მთელი მარაგი...

მაგრამ უცებ, მაგრამ უცებ...
იცით, რა მოხდა?.. ...
არანაირად რომ არ მეგონა, ისე ავტირდი...
ცხვირსახოცით მწარე ცრემლებს ვიწმენდდი და
ჩაწითლებულ თვალებს ვისრესდი...
მთელი ქუჩა ხალხით იყო გადავსებული
და თანაგრძნობით შემყურებდნენ,
ბევრს საერთოდაც ზუსტად ჩემსავით
ღაპაღუპით სდიოდა ცრემლი...

ამდენ ხალხში გზას ძლივს ვიკვლევდი...
"მეგობარო... მეგობარო..." - ჩემთვის გულში
განუწყვეტლივ ვიმეორებდი...
მუჯლუგუნებით გზას ვიკაფავდი,
ამასობაში გული თანდათან დამიმშვიდდა
და შევწყვიტე თვალების სრესაც...
სახლამდე მცირედი მანძილიღა მაშორებდა...
მაგრამ უეცრად
კვლავ ქვითინი ამივარდა ისტერიული...

სლუკუნ-სლუკუნით მივედი
მკვდარი მეგობრის სახლში.
ამხანაგები, ნათესავები,
არც ისე ბევრნი,
ოთახში ისხდნენ...
შევხედე და დავინახე,
თითქმის ყველას
თვალები ჰქონდა ჩაწითლებული...
"მეგობარო... მეგობარო..." - ჩემთვის გულში
კვლავ გავიმეორე.
ხოლო როცა ირგვლივ, ქუჩებში გამოფენილი
თვალცრემლიანი უამრავი ადამიანი წარმოვიდგინე,
მომეჩვენა, რომ
სიცოცხლეში დაუფასებელ
დიდ ქართველ მწერალ ზაზა თვარაძეს
დასტიროდა მთელი ქვეყანა.

.......................................................................
ღმერთო ძლიერო,
მადლობა რომ ხახვი შექმენი,
ხოლო მერე ცრემლსადენი გაზი - მისი
თანამედროვე ვარიაცია,
და შექმენი სახელმწიფო -
ძლიერი და ლიბერალური,
შექმენი ჯარი და "სპეცნაზი" -
არც ისე ნაზი,
თუმც სატირალი საქმეების
მშვენივრად მცოდნე,
და მადლობა,
რომ გამოფინე ქუჩაში ხალხი
და "სპეცნაზის" დახმარებით
გულამოსკვნით აატირე
უძვირფასესი ჩემი მეგობრის
ცხედართან ახლოს!..

13-14 ნოემბერი. 2007 წელი.