Litclub.ge

ოქროს კვეთა
1.
ამ თეთრ ფურცელზე
სანამ რაიმეს დაწერ,
წარმოიდგინე მისი უსქესო მშობელი -
ხის თესლი,
წარმოიდგინე ქარი,
რომელმაც დაჰქროლა და თესლი
სწორედ იმ ადგილას მიიტანა,
სადაც ხე უნდა ამოზრდილიყო,
და წარმოიდგინე ჩექმიანი ფეხი,
რომ დაებიჯა მას და
ნეშომპალიან მიწაში
ღრმად ჩაზარდა.



2.
ამ თეთრ ფურცელზე
სანამ რაიმეს დაწერ,
წარმოიდგინე მისი მომავალი სიყვითლე,
მისი მომავალი დანაკუწება და
ნაცარი, ჰაერში გაფანტული,
ჰაერში, რომელსაც სუსტად ახსოვს
შენი ფერწერული ტანიდან
ფურცლის თეთრ ტანზე გადასული
გრაფიკა.



3.
ამ თეთრ ფურცელზე
სანამ რაიმეს დაწერ,
ირწმუნე, რომ
იმ ხის თესლსა და
ჰაერში გაფანტულ იმ ნაცარს შორის
ოქროს კვეთა
გადის ამ ლექსზე.