ჩემი ფული ლამაზია.
აგერ ყვავილი, ხე, ცა,
"ჯოკონდა",
ისინი ლამაზები არიან,
მაგრამ ლამაზია ჩემი ფულიც.
ჯიბეში მიდევს და ხელით ვეხები -
პატარაა და საყვარელი.
ისე გაუპრანჭავად მომხიბვლელია,
შემიძლია გაჩვენოთ კიდეც,
და ღილკილოზე მივიბნიო ტიტასავით.
ჩემი ფული,
ჩემი ფული...
ის წარმოდგენაა ფერადოვანი,
ის ღარიბი დეკორაციაა,
ის არარსებობის კრიალა კანია.
ავახევ და არსებობაში შევალ,
იქ, სადაც ყვავილია, ხეა, ცაა,
"ჯოკონდაა".
შევალ.
შევალ.
ერთი ბილეთი ჩემთვის,
ერთიც თქვენთვის - გპატიჟებთ.
იცით, ცხოვრება ლამაზია,
თუ მასში ლამაზი ფულით აღწევ.
როცა მოვხუცდები,
ვფიქრობ, ჩემი ლამაზი ფული
ცხოვრების მუზეუმს გადავცე
მუდმივ ექსპოზიციაში.
ადამიანები მოვლენ და დატკბებიან
ჩემი ლამაზი ფულის ცქერით.
ისინი იდგებიან დიდხანს, აღელვებულები,
მერე წავლენ სახლებში და იფიქრებენ იმაზე,
თუ რა კარგია,
როცა გაქვს ლამაზი ცხოვრება,
ლამაზი სახლი,
ლამაზი ლექსი.
ისინი იფიქრებენ იმაზე,
თუ რა კარგია,
როცა შენი ფული ლამაზია,
ისე, როგორც შენი ფეხმძიმე ცოლი.