Litclub.ge

* * * გამომაკლდნენ მამა, ქმარი
ვუძღვნი ჩემს დევნილ მოსწავლეებს
და მათ მშობლებს

გამომაკლდნენ მამა, ქმარი.
მათ ზოგი უსულოც მიემატა.
მაგალითად, სახლი, სოფელი,
ქოთნის ყვავილები.
ვიღრიალე, მაგრამ ქარიშხალი
ვერ ამოვიგდე,
მით უმეტეს, ზვავი თავზე
ვერ ჩამოვიმხე.
გლოვის ნარჩენებს ვყრი
და ნაგავი კანკალებს,
რადგან იქ ვირთხები დარბიან,
როგროც სამგლოვიარო ნიშნები.
ისე გავიწეწები - ქარსაც შეშურდება.
თავი რომ ვინუგეშო,
ცოცხლებით ვთამაშობ,
რადგან თამაშიდან დამარცხებულების
გასვლა არ მტკივა.
თუმცა დამარცხებულებს,
როცა ბევრნი არიან,
ეს სახელი აღარ ჰქვიათ.
გამარჯვებული კი მუდამ
ერთია,
ვინც ამის გამო თამაშგარეთ რჩება,
ქაღალდის ფურცელზე წვება
და ცოტა ხანში
ლექსი ჩამოუგრძელდება ცინგლივით,
როგროც გალახულს -
სისუსტის ნიშანი.