ყოველ დილით ცარიელი ყულაბა ვარ
გარედან ვიხატები, წამწამებს ვიგრეხ.
ერთ ორ გამონათქვამს
ჩავყლაპავ გასამხნევებლად.
ყველაფერს ვიყრი თავში,
რაც თვალებიდან შემოეტევა -
ასე გამართულად არაფერი მიმუშავებს.
ღამით გული მაქვს გატეხილი
და შიგთავსს ვახარისხებ:
ოქროს თევზები შვილებს - შესაჭმელად,
ჩემს მოწაფეებს - აკვარიუმისთვის,
ვერცხლის ზარები ახლობლებს - არ დამეკარგონ,
მტრებს - თავი შემახსენონ.
ფულები მებაჟეებს - სული არ მიკურთხონ,
სნეულებებს - თავი დამანებონ.
მზაკვრულად ჩაყრილი ქვები,
სასროლად
განტვირთვისათვის
ან
ყურადღების მისაქცევად.
უბედობას კი ასე ვეთამაშები:
ერთმანეთს თვალებით ვზომავთ,
ვინ ვის დააპატარავებს,
ვინ ვისში ჩავარდები...
და მოინელებს.