რა სჭირდება ჩემს ბედნიერებას?
ერთი მაგარტარიანი ცოცხი,
პრიალა ქვაბი და თავის სიცარიელე,
რომ შიგ ტვინმა იხრიგინოს,
როცა უარის ნიშნად თავს ვაქიცინებ.
თანხმობა იმდენჯერ ვთქვი,
რომ ჩემი სახლი გაივსო
ყველა ჯურის სატყუარით:
ზოგს შვილი ჰქვია, სხვას - წიგნი,
კიდევ - ხარახურები.
და მე მათ წრეში მოქცეული -
ცოცხით ხელში, ქვაბით თავზე
ვოინბაზობ, თუმცა ძნელია.
შიგადაშიგ, თუ ტაშს მიკრავენ,
ბედნიერი ვარ.