Litclub.ge

ფეერიული ქუჩები
გადაელვისდა ღამე ფარნებით
და ჰეტერების გუნდი ფრთხიალებს.
ქუჩა ქიმერა- დიდ ვერჰარნებით,
ტორტმანობს,მოჰქრის და მოხრიალებს.

აქარავანდა ეტლთან ეტლები.
ავტო ტრამვაის მოკივის ბრაზით.
არ მასვენებენ გასაწყვეტლები-
ათას ხმაურით: სასტიკით, ნაზით!

კაფე პრინცესა ძაღლით მოსული,-
ვით არტემიდა შრიალა -ჩქარი,
გადაგრევს ფიქრი ბარბაროსული,
რომ ეს ძაღლია პრინცესას ქმარი!

...და ღამე მიდის სივარსკვლავეში.
,,სკრიპკა" მიკვნესის ცაში ფლეიტას.
მკვდარ აკორდებად ცვივა კლავიში
და ძველ ტირილებს ყველგან შეიტანს.

მე გადავყვები თეთრ მისტერიას.
დღეს ბეთჰოვენი პოეტს ასვენებს.
გამოვალ გარეთ და თვალს მტვერიანს
ვერლენის ლექსი ჩამოასველებს!